“სამსახურის პოვნის ისტორია”: ასტღიკ ხაჩატრიანი

გთავაზობთ „ალიქ მედიის“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს სახელწოდებით „სამსახურის ძიების ჩემი წარმატებული/წარუმატებელი ისტორია“. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ ასტღიკ ხაჩატურიანის მიერ წარმოდგენილ ესეს, სადაც ის საუბრობს ვარდუჰი კურღინიანის სამუშაოს ძიების გამოცდილებაზე.

„საბაკალავრო განათლებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არც აქვს იმ სამსახურებთან, სადაც მე ვმუშაობდი და ვმუშაობ“ – სამსახურის ძიების საკუთარ წარმატებულ/წარუმატებელ გამოცდილებაზე გვიამბობს 23 წლის ვარდუჰი კურღინიანი საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის სოფელ ფოქრ (პატარა) სამსარიდან.

ვარდუჰიმ საბაკალავრო განათლება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის „ეკონომიკის მიმართულებით“, სრული დაფინანსებით მიიღო. ამჟამად სწავლას აგრძელებს თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამაზე „განათლების მენეჯმენტი“. ვარდუჰი იხსენებს, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის მოქმედი პროგრამის „1+4“ სტუდენტებისთვის განკუთვნილი სტაჟირების პროგრამით არ უსარგებლია.

სხვათა შორის, 2017 წლიდან „1+4“ პროგრამით საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაიარონ არაანაზღაურებადი სტაჟირება სახელმწიფო ორგანოებში.

ვარდუჰი ამჟამად მუშაობს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრში (Jnews) ქართული განყოფილების ხელძღვანელად და ჟურნალისტად, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებამდე ასევე მუშაობდა ახალქალაქის „ახალგაზრდულ ცენტრში“ ქართული ენის წრის პასუხისმგებელ პირად და ქართული ენის მასწავლებლად.

მისი თქმით, ჟურნალისტიკის მიმართულებით ბაკალავრიატზე მიღებული განათლება მხოლოდ ეკონომიკურ თემაზე მასალის წერისას ეხმარება. ხოლო ჟურნალისტის სპეციალობით დასაქმებას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში მოქმედი GIPA Media Lab-ის პროექტში მონაწილეობამ შეუწყო ხელი.

„ბაკალავრიატის მეორე კურსის მეორე სემესტრიდან, როცა კორონავირუსი გავრცელდა, გადავედით ონლაინ გაკვეთილებზე. მაშინ მივიღე სამუშაო შეთავაზება ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრიდან ქართული ენის განყოფილების ხელმძღვენელად და ასევე ჟურნალისტად. იმ პერიოდში GIPA Media Lab-ის პროგრამაში ვმონაწილეობდი, იქიდან შემამჩნიეს და სამუშაო შეთავაზების გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინვე დავთანხმდი შემოთავაზებას, ამავდროულად მივიღე სამუშაო შეთავაზება ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრიდან, ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელად და ქართული ენის მასწავლებლად“, – ამბობს ვარდუჰი და ამატებს, რომ სამუშაო შეთავაზებებს იღებდა როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ასევე რამდენჯერმე იყო მოწვეული იუსტიციის სახლში, სადაც, სამწუხაროდ, მკაცრი და დატვირთული გრაფიკის გამო ვერ წავიდა.

ვარდუჰი ხაზს უსვამს, რომ სწორედ ქართული ენის ცოდნა დაეხმარა მას მუშაობაში უფრო მეტად, ვიდრე უნივერსიტეტში მიღებული განათლება. მისი თქმით, მას სწორედ უნივერსიტეტში ნასწავლი ქართული ენის გამო სთავაზობენ სამუშაოს.

„არცერთ ბანკში არ მიცდია მუშაობა, რადგან ბანკში გრაფიკი ძალიან დატვირთულია. საბაკალავრო კურსზე მაღალი აკადემიური მოსწრებით ვსწავლობდი და სამსახურის გამო გაკვეთილების გაცდენა არ მინდოდა. ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრში კი გრაფიკი თავისუფალი იყო და ონლაინ მუშაობაც კი შემეძლო. მართალია, იმის გამო, რომ მთელ დღეს ჩემს საქმეს ვუთმობდი, გაკვეთილებს ღამით ვსწავლობდი, მაგრამ მაინც ვასწრებდი. ეს გრაფიკი არ არის ჩემთვის შემაწუხებელი. ბანკში მუშაობა არასოდეს მომცემდა ამის შესაძლებლობას, ახალგაზრდულ ცენტრში კი მეცადინეობები შაბათ-კვირას ტარდებოდა. ეს საერთოდ არ უშლიდა ხელს ჩემს გაკვეთილებს, ვმუშაობდი დიდი სიამოვნებით, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო საერთოდ არ მქონდა“.

ვარდუჰი აღნიშნავს, რომ სამსახურს ძალიან ადვილად შეეჩვია, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტიკა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანისთვის, თუმცა ამ სფეროში მუშაობა არც ისე რთული იყო მისთვის, რადგან მანამდეც მონაწილეობდა მულტიმედიურ პროგრამებში და ზოგადი მასალის შექმნის პრობლემა არ ჰქონია.

მისი თქმით, „ახალგაზრდულ ცენტრში“ მუშაობამდე, თავს მასწავლებლის როლში ვერ წარმოიდგენდა. „თუმცა, იქ მუშაობის ორწლიანმა გამოცდილებამ მაიძულა ამერჩია სამაგისტრო პროგრამა სწორედ განათლების სფეროდან. ავირჩიე სპეციალობა „საგანმანათლებლო მენეჯმენტი“, რათა გარკვეულწილად შემეძლო განათლების დონის მართვა ჩემს თემში, კონკრეტულად ჯავახეთში.

ვარდუჰის თქმით, სტუდენტი, რომელმაც „1+4“ პროგრამა დაასრულა, მზადაა შრომის ბაზარზე თავისი ადგილი იპოვოს. „ერთი რამ ცხადია, თუ მოსამზადებელ კურსზე სიმკაცრეს გამოიჩენენ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი უფრო და უფრო უკეთ დაეუფლება სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მას შრომის ბაზარზე სამუშაო ადგილის უფრო ადვილად პოვნაში“.

ავტორი: ასტღიკ ხაჩატურიანი, 18 წლის

ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი,
მარნეულის მუნიციპალიტეტი სოფ. დამია
ეს პუბლიკაცია კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი, რაც შესაძლოა არ ემთხვეოდეს „ალიქ მედიისა“ და საქართველოს ქალთა ფონდის შეხედულებებს.