“სამსახურის პოვნის ისტორია”: არმენუჰი შირინიანი

წარმოგიდგენთ „ალიქ მედიის“ მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრებს სახელწოდებით „სამსახურის ძიების ჩემი წარმატებული/წარუმატებელი ამბავი“. ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ არმენუჰი შირინიანის მიერ წარმოდგენილ ესეს.

2018 წელს, ქართული ენის სწავლების მოსამზადებელი პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

სულ რაღაც 19 წლის, ცნობიერების გარკვეულ დონეს მიღწეული, შედარებით ფართო მსოფლმხედველობის მქონე, კარგად ვაცნობიერებდი, რომ საკმაოდ რთული გზა ავირჩიე, მაგრამ ამავდროულად ეს გზა საინტერესო და შინაარსიანი იქნებოდა.

და ასეც მოხდა. სახელმწიფო ენის არასრულფასოვანი ცოდნა, რაც დაბრკოლებების დასაწყისი იყო ისეთი სფეროსთვის, როგორიც ჟურნალისტიკაა, არაერთხელ ქმნიდა არასრულყოფილების განცდას.

100-120 კაციანი აუდიტორია, სადაც შენს გარდა ყველა განურჩევლად ფლობდა სახელმწიფო ენას, სრულად გამოხატავდა საკუთარ აზრს, შეეძლო პასუხი მიეღო მათთვის საინტერესო კითხვებზე… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად დამთრგუნველი იყო.

მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია, თუ ღვთის მიერ მინიჭებული გვაქვს უდიდესი ძალა, სირთულეების დაძლევის განუყოფელი ნება და სწავლის უნარი.

დღესაც ნათლად და უყოყმანოდ მახსოვს, რომ მხოლოდ ერთი სემესტრი დამჭირდა იმისთვის, რომ შემეძლოს სახელმწიფო ენაზე სწორი კომუნიკაცია, აღქმადის გამოთქმა და გამოცდების მაღალი ქულებით ჩაბარება.

შექება, რომელსაც ვიღებდი თსუ-ს იმ ლექტორებისგან, რომლებიც მასწავლიდნენ, ყოველთვის მაიძულებდა უკეთ მომზადებულიყავი გაკვეთილებისთვის, გამომეჩინა შედარებით მაღალი პასუხისმგებლობა და მაღალი შედეგებისთვის მიმეღწია.

ყოველთვის მემახსოვრება ის ლექტორები, რომლებმაც თავიანთი კეთილი რჩევებით, სიმკაცრით მხარში დამიდგნენ მთელი რიგი წინააღმდეგობების გადალახვაში და რაც მთავარია ინტეგრაციაში, რაც ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა.

ბაკალავრიატის 4 წელი ჩემთვის საუკეთესო წლები იყო და ახლაც დიდი სიყვარულით ვიხსენებ ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ თითოეულ წამს, მაგრამ ამ 4 წლის განმავლობაში ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო 2022 წლის 22 ივლისი, სადიპლომო ნაშრომის დაცვის დღე.

დასამახსოვრებელი იყო, რადგან 4 წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა მთლიანად ასოცირდებოდა ჩემს მიერ მომზადებულ 70-გვერდიან სადიპლომო ნაშრომთან თემაზე „ეთნიკური უმცირესობების უმაღლესი განათლების საკითხების გაშუქება სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ მედიაში „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამაის მაგალითზე“.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც კურსდამთავრებულთა უმეტესობამ, დავიწყე სამუშაოს ძებნა, ყველაზე მეტად მინდოდა ისეთი სამსახურის პოვნა, რომელიც შეესაბამებოდა უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას, რათა შემეძლო ნაკლოვანებების გარეშე, სწორად და სათანადოდ შემესრულებინა სამუშაო ადგილზე ჩემთვის მოცემული ყველა დავალება.

და სწორედ ამ პერიოდში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

კონკურსის პირობებსა და სამუშაო ადგილის მოთხოვნებს რომ გავეცანი, ვიფიქრე, რომ დაუბრკოლებლად შევძლებ იმ ყველაფრის შესრულებას, რაც საჭირო იყო, რადგან უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სრულად შეესაბამებოდა მოცემული სამუშაო ადგილის მოთხოვნებს.

უნივერსიტეტში სწავლის წლებში, დაახლოებით ორი სემესტრის განმავლობაში, ვსწავლობდი საზოგადოებასთან ურთიერთობის თავისებურებებს, რაც შემდგომში ჩემი საქმის გაკეთების საშუალებას მომცემდა დიდი სირთულის გარეშე.

ასეც მოხდა, მუშაობის დროს სირთულეები თითქმის არ შემხვედრია, რადგან უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკასთან ერთად, სრულად შევისწავლე საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელობა.

სკოლასა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამსაქმებლის ნდობის წყალობით, ბევრ ახალგაზრდას აქვს წარმატებული ისტორიები სამუშაოს ძიებაში და არც მე ვარ გამონაკლისი…

მინდა ყველა სტუდენტმა აირჩიოს სწორი პროფესია, სტუდენტობის წლებში ისწავლოს რაც შეიძლება მეტი, გახდეს მცოდნე და კარგი სპეციალისტი, რადგან ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებისთვის, ასევე სამსახურის ძებნის წარმატებული ისტორიისთვის პირველ რიგში უნდა იყო კარგი სპეციალისტი.

ავტორი: არმენუჰი შირინიანი, 24 წლის

ნინოწმინდა

ეს პუბლიკაცია კონკურსის ფარგლებში, საქართველოს ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი, რაც შესაძლოა არ ემთხვეოდეს „ალიქ მედიისა“ და საქართველოს ქალთა ფონდის შეხედულებებს.