სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებას დაესწრო

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. საერთო კრების სხდომები ამჟამად დერცელში, კიკიბოში, ღორთუბანში, აფიეთსა და ზედუბანში გაიმართა.

„მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს: სოფელ დერცელში გარე განათების მოწყობასა და მთის გზის რეაბილიტაციას; სოფელ კიკიბოში მთის გზის, სასმელი წყლისა და ცენტრალური სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას.

სოფელ ღორთუბანში სასაფლაოს შემოღობვასა და სასმელი წყლის რეაბილიტაციას. სოფელ აფიეთში გარე განათების მოწყობასა და შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვას). სოფელ ზედუბანში შიდა გზების რეაბილიტაციას (მოხრეშვას) და გარე განათების მოწყობას”, – ნათქვამია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საერთო კრებას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილის გარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე და საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ესწრებოდნენ. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.