საქართველოს “რესპუბლიკური პარტია” სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 23 აპრილს, ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ განცხადება გაავრცელა. პარტიის განცხადებით, ერევანში ახალგაზრდების “ხავერდოვან ბრძოლას” ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს რესპუბლიკური პარტია ყურადღებით აკვირდება მეზობელი სომხეთის დედაქალაქში მიმდინარე პროცესებს, დემოკრატიული უფლებების დაცვისკენ მიმართულ საპროტესტო აქციებს.

“ჩვენი აზრით, სომხეთის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად განახორციელა მხოლოდ ფასადური ცვლილებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ერთპიროვნული საპრეზიდენტო მმართველობიდან თითქოს გადავიდა საპარლამენტო–რესპუბლიკურ მოდელზე, მაგრამ სინამდვილეში იმავე პოლიტიკური სახეებით ჩამოყალიბდა “პრემიერის რესპუბლიკის” კლანურ–ავტორიტარული სისტემა,”- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, ერევანში მიმდინარე პროცესები უკავშირდება როგორც სომხეთში, ისე მთლიანად რეგიონში რუსეთის დესტრუქციული გავლენების განეიტრალებას, რუსეთის გარეშე რეგიონის ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრას და გრძელვადიანი რეგიონალური უსაფრთხოების მიღწევაზე თანასწორად ჩართულობას და პასუხისმგებლობის აღებას.

“საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ერევანში მიმდინარეობს სომხეთის მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, როგორც თავად უწოდეს, “ხავერდოვანი ბრძოლა” ევროპული ფასეულობებისა და მომავლისათვის, რასაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს გამოცდილების გაზიარების, იდეების გაცვლის და სამოქალაქო დიალოგის მიღებული ფორმებით,”- აცხადებს პარტია.

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს და საერთაშორისო კავშირებს ევროპის ლიბერალურ–დემოკრატიულ ალიანსში (ALDE) და საერთაშორისო ლიბერალურ ორგანიზაციაში (Liberal International), რომ სომხეთის ხელისუფლებამ დაუყონებლივ გაანთავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და შექმნას წინაპირობები ოპოზიციასთან ისეთი დიალოგის წარმართვისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება რეალური გარდაქმნების განხორციელებისკენ ლიბერალური დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების დაცვის, სოციალურ–ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Leave a Reply