სოფელ კუმურდოში სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვენ

24 სექტემბერს, სოფელ კუმურდოს მოსახლეობა სოფლის სკოლის დირექტორის გადადგომას მოითხოვდა. ისინი აცხადებენ, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი დარღვეულია და გაკვეთილები არ ტარდება.

25 სექტემბერს დილიდან სკოლის დირექტორის არმენ პოლორჩიანის კაბინეტის კარი დაკეტილია. სოფელში ფიქრობენ, რომ მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის გამო, მან თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Jnews წერს.

სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ სკოლა საოჯახო ბიზნესად გადაიქცა და დირექტორი მოსწავლეების თანხას ითვისებდა.

“ერთი თვის წინ ვთხოვეთ, რომ დაეტოვებინა თანამდებობა და ქართული ენის მასწავლებლად დარჩებოდა სკოლაში, მაგრამ მან უარი თქვა”, – განაცხადა ახალქალაქის რეგიონული კრების დეპუტატმა აშოტ საჰარიანმა.

20 წლის განმავლობაში სკოლის შენობა საავარიო მდგომარეობაში იყო და წელს სოფლის ერთ-ერთმა ქველმოქმედმა ახალი შენობა ააშენა.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, თერეზა ჩივჩიანმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

არმენ პოლორჩიანი სოფელ კუმურდოში მესამე წელია სკოლის დირექტორია და ის უარყოფს ყველა ბრალდებას. დღეისათვის, სოფელში 310 მოსწავლე სწავლობს, მათგან  30 პირველკლასელია. მოსწავლეების მშობლები ჩივიან, რომ მათი სკოლის დონე დაბალია და მოსწავლეების უმეტესობა ატესტატს ვერ იღებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს სკოლის დირექტორი ირწმუნება, რომ მას გადადგომისთვის განცხადება არ დაუწერია და უახლოეს დღეებში იგი სკოლაში იქნება.

“მე რესურსცენტრში ვიყავი, მოსწავლეების წიგნების მისაღებად, ახლა უკვე სოფელში მივდივარ და სკოლაში დავბრუნდები”, – jnews- თან საუბრის დროს განაცხადა სკოლის დირექტორმა.