თვალსაზრისების სერია: აიდან იუსიფი

პროექტის, “თვალსაზრისების სერია – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა შრომით პრაქტიკებზე„ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს “კავშირი ფრეია”, “ალიქ მედია ჯორჯიასთან” პარტნიორობითა და “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით,  წარმოგიდგენთ სტატების სერიას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების შრომითი გამოცდილებების შესახებ. ჩვენი მოსაუბრე გახლავთ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტი, მკვლევარი და რეპორტიორი აიდან იუსიფი.

როგორ გამოიყურება თქვენს მიერ განვლილი გზა უმაღლეს სასწავლებლამდე? რა ეტაპები გაიარეთ პროფესიის არჩევამდე?

რა თქმა უნდა მარტივი არ იყო ის გზა, რაც გავიარე. გააზრებულად არც კი მიმიღია პროფესიაზე გადაწყვეტილება, უბრალოდ მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, თუმცა ვერც წარმოვიდგენდი, რომ მექნებოდა შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან სხვა უმაღლეს დაწესებულებაში სწავლის. 2007 წელს ვერც კი წარმოვიდგენდი როგორ უნდა ჩამებარებინა გამოცდა იმ ენაზე (ქართულზე), რომლის 20% კი არ ვფლობდი. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა, სადაც მოვხვდებოდი არ ჰქონდა მნიშვნელობა, უბრალოდ საიდანღაც უნდა დამეწყო.

ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, მაგრამ ვერ მოვხვდი უმაღლესში, შემდეგ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესიულ ორ წლიან პროგრამაში მოვხვდი და დავიწყე ჟურნალისტიკის სწავლა, მერე უკვე გადავედი ბაკალავრიატზე. თუმცა თავიდან იყო ძალიან ძნელი, რადგან როდესაც ვიჯექი ლექციებზე და ვუსმენდი ლექტორს მხოლოდ 20 % ვგებულობდი, მერე მიწევდა შემდეგი ლექციისთვის სამმაგი შრომის ჩადება, რომ გამეაზრებინა გავლილი მასალა და შემდეგისთვის მომემზადებინა.

ჯერ პროფესიული, შემდეგ კი ბაკალავრი. ამ წლების განმავლობაში ისე ხდებოდა, რომ პარალელურად ქართულ ენასაც ვსწავლობდი, უცხო ენასაც ვსწავლობდი, ასე ჩემი თავის განვითარებას და ორგანიზებას ვახერხებდი – ჩემი პროფესიული ზრდისთვის.

გქონიათ თუ არა ხელისშემშლელი ფაქტორი უნივერსიტეტში ჩაბარებისას ? (ოჯახის წევრების მიერ ან სხვა გარემოება – ტრადიციები).

როდესაც ადამიანი სოფლიდან ჩადის ქალაქში, ახალ გარემოში, ისედაც ხომ რთულია, ხოლო ჩვენთვის ორჯერ მეტად რთული იყო. თუმცა, როდესაც ადამიანს აქვს მიზანი და იცის, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვს, მოტივაცია უფრო ემატება და უფრო გამბედავიც ხდება

რაც შეიძლება ხელისშემშლელ ფაქტორებს, ოჯახში პირიქით, როდესაც ხედავდნენ ჩემს მონდომებას და იმას, თუ როგორ მინდოდა რომ მესწავლა, იმ 4 წლის განმავლობაში როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად მხარს მიჭერდნენ ჩემი მშობლები. 

სულ მახსენდება, რომ როდესაც კერძო უნივერსიტეტში ჩავაბარე, სწავლა ძალიან ძვირი ღირდა და მამაჩემმა ჩვენი სახლი ბანკში საწინდარად ჩადო, რომ სესხი აეღო და ჩემი სწავლის საფასური გადაეხადა. მერე ბოლო წელს ეგეც რომ აღარ ყოფნიდა, მახსოვს რომ დედაჩემმა გაყიდა თავისი ოქრო.

რაც შეეხება ტრადიციებს, ბავშვობიდან  ისეთ გარემოში ვიზრდები, სადაც პრიორიტეტი ჩვენი მიზნები და განათლება იყო. ჩემს მშობლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. იყო მომენტები, როდესაც მაინც რაღაც ჩარჩოების გარღვევა მიწევდა, მაგალითად იმასთან, რომ გოგოს საქმე ოჯახი და ოჯახის მოვლაა.

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი ?

ჩემი პროფესია უფრო პიროვნულ თვისებებთან არის დაკავშირებული. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაც მოვლენების შესწავლა, მერე ამ მოვლენის გაანალიზება და ობიექტურად გადმოცემა. სულ ვიყავი ისეთი, რომ, რაღაც რომ მოხდებოდა, შორიდან არ ვუყურებდი, არამედ მინდოდა გამეგო სინამდვილეში რა მოხდა და ბევრს ვიძიებდი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომპიუტერებზე ასე ხელმისაწვდომობა არ გვქონდა, მე წიგნებში ვიქექებოდი..

რომელ სექტორში გიმუშავიათ – კერძო, საჯარო ან სახელმწიფო ? 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ,  ვიცოდი,რომ  თავიდანვე, პირდაპირ ჟურნალისტად მუშაობას ვერ დავიწყებდი, რადგან ენის ბარიერი ჯერ კიდევ არსებობდა. ჯერ დავიწყე კერძო სექტორში მუშაობა, თარჯიმნად ვმუშაობდი, შემდეგ ოპერატორი ვიყავი ერთ-ერთ სამედიცინო კომპანიაში, შემდეგ უკვე მომეცა შესაძლებლობა რომ მემუშავა ჩემი პროფესიით, თუმცა აქაც მივხვდი, რომ ჯერ კიდევ არ მაქვს შესაბამისი ცოდნა, რომ ვიყო კარგი ჟურნალისტი, ვწერო კარგი სტატები, მითუმეტეს ეს ცოდნა ნაკლებია, როდესაც გინდა რომ გახდე გამომძიებელი ჟურნალისტი. ფაქტიურად უნივერსიტეტის დამთავრებიდან 7 წლის შემდეგ ხელახლა მომიწია ჟურნალისტიკის სწავლა შეიძლება ითქვას ნულიდან, რაშიც ძალიან კარგი სპეციალისტები დამეხმარნენ.

საჯარო სამსახური, როგორც ასეთი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ვთანამშრომლობდი თარჯიმნად , ანუ ადამიანს როცა არ ესმის სახელმწიფო ენა, კანონით განსაზღვრულია თარჯიმნის მომსახურება, და მე ვიყავი ამ პოზიციაზე დაახლოებით ერთი წელი. შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნე, სხვადასხვა კერძო კომპანიებში მიმუშავია და ბოლოს საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით დავიწყე სწავლა და მუშაობა. 

რა ბარიერების გადალახვა მოგიწვიათ სწავლაში ან სამსახურში ?

პირველი ბარიერი არის ენა – ენის არ ცოდნა, მეორე ბარიერი, რომ ეთნიკურად არ ხარ ქართველი და მესამე ბარიერი, რომ ხარ ქალი. და ეს ყველაფერი ერთად აღებული, არის ძალიან რთული, თუმცა, როცა იცი რა გინდა, იცი რისი მიღწევა გინდა, შენ ამას აკეთებ, თუმცა შეიძლებოდა ამ ყველაფრის მიღწევა უფრო ადვილი ყოფილიყო,ნაკლები სტრესის გარეშე.

რას გაძლევთ ის, რომ წარმოადგენთ ეთნიკური უმცირესობას ? (უარყოფითი რა, დადებითი რა) და გიგრძვნიათ თუ არა რაიმე სახით დისკრიმინაცია, თქვენი ეთნიკური წარმომავლობის გამო სამსახურში ? 

ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ჩემი ეთნიკური წარმომავლობა მე მხოლოდ მეხმარება. ის რომ ბევრი ენა ვიცი, უფრო ბევრ რეგიონში შემიძლია მუშაობა და შემიძლია როგორც ქართველის პოზიციის გაგება, ისევე ეთნიკურად აზერბაიჯანელის პოზიციის გაგება, არც კი მიჭირის სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კონტაქტი და მუშაობა, მაგალითად შემიძლია ასევე ეთნიკურად სომხების პოზიციის გაგებაც და მათ პრობლემებზე საუბარიც. გარდა ამის, ჩემი პროფესიის კუთხით რაც გადავლახე აქამდე, ახლა უკვე მადგება.

აქამდე თუ იყო დაბრკოლება ჩემი ეთნიკური წარმომავლობა, ახლა  ეს ძალიან მეხმარება მაგალითად ძალიან თავისუფლად, საგამოძიებო ჟურნალისტიკის კუთხით, შემიძლია ნებისმიერ ამბავზე, ნებისმიერ დროს მარნეულში ჩასვლა და ამბის ძიება და ა.შ. თუმცა, მაგალითად დიდ ამბავზე როცა ვმუშაობ და ვაქვეყნებთ ჩემი სახელი და გვარით, ქართველები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, თუ ვინ არის ავტორი და შეიძლება ხაზი გაუსვა ჩემს ეთნიკურ კუთვნილებას.

თქვენი აზრით (გამოცდილებით) რა ბარიერებს აწყდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები შრომით ურთიერთობებში ?

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ის დაბრკოლება რის წინაშეც ქალები დგანან, ის გენდერული საკითხები, რაც ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში რჩება პრობლემად, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის ორმაგია, მათ შორის სწავლის უფლება, ამ უფლებაზე ბრძოლა, თუნდაც ჩვეულებრივი ამბის გაგება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის, იყოს ეს ეთნიკურად სომეხი ან აზერბაიჯანელი, თავიანთი ტრადიციებიდან გამომდინარე, რთულია კარიერული ნაბიჯების დადგმაც.  პირობითად, თუ ქართველისთვის სამსახურის ოთხი შესაძლებლობა არსებობს, მაშინ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალისთვის ეს შესაძლებლობა ნახევრდება. შესაძლებლობები, რომ საზოგადოებაში თანაბრად არ არის განაწილებული ყველასთვის, ეს ყველა საფეხურზე იჩენს თავს.