წმინდა გიორგის კულტი და მისი მნიშვნელობა საქართველოსათვის

ეკატერინე გედევანიშვილი გახლავთ გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი.

ეკატერინე გედევანიშვილმა ალიქ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ცენტრში მუშაობს 2002 წლიდან  და მისი უმთავრესი სფერო გახლავთ შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნება. ამჟამად იგი მუშაობს იკვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მოხატულობაზე, ამიტომ გადავწყვიტა ფრაიბურგში  ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სემინარში  სწორედ წმ. გიორგის თემა წარმოედგინა. ამ თემაზე იგი  რვა წელია მუშაობს, თუმცა, ეს არ არის მთავარი მიზეზი მისი არჩევანისა, ამ უკანასკნელს  განსაზღვრავს, უპირველეს ყოვლისა,  წმ. გიორგის სრულებით გამორჩეული მნიშვნელობა ქართულ კულტურისთვის.

მისივე  თქმით, წმ. გიორგი ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე პოპულარულ წმინდანად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, საქართველო ამ თვალსაზრისით მთელს საქრისტიანოში მაინც გამორჩეულია.

ე. გედევანიშვილი ამბობს: „მე ჩემს მოხსენებაში სრულიად საგანგებო მახვილს ვსვამ  საკითხზე –  თუ რატომ უნდა ყოფილიყო წმ. გიორგი ესოდენ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის?  აქ უპირველეს მიზეზად უნად დასახელდეს საქართველოს მოქცევის ისტორია –  საქართველოს მომქცეველი არის წმ. ნინო კაბადოკიელი, რომელიც  საქართველოში მე-4 ს. დასაწყისში მოდის და, ფაქტობრივად,  მე-4 ს. დასაწყისშივე მოაქვს ცოდნა და წმ. გიორგის კულტი საქართველოში“.

რესპონდენტი  საინტერესოდ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ წმ. ნინოს ცხოვრება, რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, იწყება  წმ. გიორგის ისტორიით –  საქართველოს მომქცეველის  დიდმოწამესთან გეოგრაფიული და ქრონოლოგიური სიახლოვით.  საინტერესოა აღინიშნოს რომ საქართველოში საისტორიო წყაროების თანახმად  წმ. გიორგის ადრეული ეკლესიები შენდება – მირიან მეფის მოქცევის ადგილზე  თხოთის მთაზე, მოგვიანებით კი  ბოდბეში.  ფაქტი, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ბიზანტიაში  დოკუმენტურად დადასტურებულ  წმ. გიორგის  სახელზე აგებულ  მე-4 საუკუნის ვერცერთ ეკლესიას ვერ ვასახელებთ.  ჩვენ დაბეჯითებით იმის თქმაც  კი არ შეგვიძლია, თუ როდის  უნდა აშენებულიყო წმ. გიორგის ლედას მარტირიუმი – ლედას მარტირიუმი არის ის მთავარი სიწმინდე, სადაც მისი წმ. ნაწილები განისვენებენ.  თუმც, ამ ძეგლის რეალური არსებობა დოკუმენტურ წყაროებში მხოლოდ  და მხოლოდ მე-6 საუკუნეშია დამოწმებული.

უკვე მე-5 ს. გავრცელებულ კულტსა და შესაბამისად, წმ. გიორგის სახელზე აგებული  ეკლესიების არსებობას ადასტურებს ,საისტორიო წყაროებში ასახული, ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებული დიდმოწამის თუხარისის ხატის ისტორია, რომელიც ბერთის სახარების გვიანდელმა მინაწერმა შემოგვინახა.

ჯვაროსნების ცნობებში ქართველი ერის სწორედ წმ. გიორგისთან სიახლოვეა განსაკუთრებულად ხაზგასმული. მეტიც, ჯვაროსნები ჩვენი ქვეყნის სახელსაც კი წმ. გიორგისთან აკავშირებენ – მათთვის ჩვენი გეორგიანელობა სწორედ ჩვენი ქვეყნის მფარველად ნაგულვები წმ. გიორგის კულტთანაა დაკავშირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა ხელოვნებამ  წმ. გიორგის ამსახველი მხოლოდ უადრესი გამოსახულებანი  კი არ შემოგვინახა, არამედ მისი ცხოვრების ამსახველი ორიგინალური, სრულებით განუმეორებელი იკონოგრაფიული რედაქციებიც.  ამ მხრივ,  ქართული მასალა  ფასდაუდებელია.

ე. გედევანიშვილი ამბობს: „წმ. გიორგის ადრეულ  გამოსახულებებს ვხედავთ  მე-6  საუკუნით დათარიღებულ ქვის  სტელათა შემკულობაზე.  აქ არის გამოსახული გველეშაპის მლახვრელი წმ. გიორგი.  საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში ჩნდება, როგორც განსაზღვრავს ბ-ნი გიორგი ჩუბინაშვილი,  „ეროვნული“ იკონოგრაფიული ვერსია, რომელიც გულისხმობს  გველეშაპის ნაცვლად  იმპერატორ დიოკლეტიანეს გამოსახულებას. ფაქტობრივად, ასეთი გამოსხულებები ბიზანტიურმა სამყარომ არ იცის (თუ არ ჩავთვლით უიშვიათეს რამდენიმე მაგალითს). როგორც წესი, ბიზანტიაში  გველეშაპის მლახვრელი წმ. გიორგის იკონოგრაფიაა გავრცელებული.  ანტროპომორფული გამოსახულება დემონისა, იმდენად ხშირია საქართველოში,  რომ  ის   სრულებით თამამად საქართველოს ნიადაგზე აღმოცენებულ და განვითარებულ თემად შეგვიძლია მივიჩნიოთ.  ერთ-ერთი უშუალო პარალელი ამ თემისა ჩნდება  ახთამარის  სომხური ეკლესიის რელიეფზე, სადაც წმ. გიორგის  საიდენტიფიკაციო წარწერაც ახლავს.  საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ იკონოგრაფიულ  სქემაში ბ-ნი გ. ჩუბინაშვილი დემონის სიმბოლურ გამოსახულებასთან ერთად,  რიგ შემთხვევაში, ბიზანტიის იმპერატორის გამოსახულებასაც ვარაუდობს“.

ქართული მასალა იმითაცაა  საინტერესო, რომ  ის ქრისტიანულ სამყაროში  ცხენოსანი წმ. მეომრის უადრეს გამოსახულებებს წარმოგვიდგენს. წმ. მხედართა გამოსახულებანი ბიზანტიურ სამყაროში უმთავრესად  მე-10 საუკუნიდან იკიდებს ფეხს, ჩვენში კი  მას უკვე მე-6 საუკუნიდან ვადევნებთ თვალს.

მეტსაც მოგახსენებთ,  ქართულმა ხელოვნებამ შემოგვინახა წმინდა გიორგის ერთ-ერთი უადრესი ნარატიულად გაშლილი ცხოვრების ციკლიც. ეს არის მესტიის სრულებით შესანიშნავი საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვარი. ის სამეცნიერო ლიტერატურაში მე -11 საუკუნის დასაწყისით თარიღდება და ჩვენამდე შემორჩენილ ციკლთა შორის ყველაზე გარვცობილ იკონოგრაფიულ რედაქციას წარმოგვიდგენს.

წმ. გიორგის ცხოვრების სცენათა ასახულობით მე-12-ე მე-13-ე საუკუნეების   ქართული ხელოვნებაგანსაკუთრებით მდიდარია . საკმარისია თუნდაც გავიხსენოთ იკვისა თუ ფავნისის მოხატულობა, ბოჭორმის მხატვრობა. ბიზანტიური ციკლებისაგან განსხვავებით, სადაც  მახვილი მეტწილად ისმევა დიდმოწამე გიორგის ვნების თემაზე,  ჩვენში უპირატესი ტრიუმფისა და სიკვდილზე გამარჯვების თემაა.  ამ განწყობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სწორედ ქართული ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ორი  მნიშვნელოვანი სიუჟეტი:  ლასიას სასწაული, რომელიც   პირველად სხვათაშორის   მე-11 საუკუნის იერუსალიმურ  ქართულ ხელნწერებში დასტურდება . გადმოცემის თანახმად,   წმ. გიორგიმ მოინახულა ქალაქ ლასიას ქალწული, რომელიც  ქალაქს დაპატრონებულმა გველეშაპმა უნდა იმსხვერპლოს.  წმ. გიორგის ლოცვის შემწეობით იგი ამარცხებს გველეშაპს, რომელსაც კი არ კლავს, არამედ ქამრით გამობმულს უძღვნის ლასიას ქალწულს.  ამ ამბავს გამოხსნილი ქალაქი დიდი სიხარულით ეგებება. ეს არის ქალაქის მოქცევის ისტორია, რომელიც ძალიან პოპულარულია სწორედ  საქართველოში.  წმ. გიორგის ცხოვრების ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარი ქრ. ვოლტერი იმასაც კი ამბობს, რომ ეს სცენა საქართველოში უნდა ჩასახულიყო, რაკიღა მისი პირველი ნიმუშები სწორედ ქართულ ხელოვნებაშია დადასტურებული (ადიშის  წმ. გიორგის ეკლესია).  ამ სცენას ღრმად სიმბოლური მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს – ქალაქი ლასია აქ ზეციურ იერუსალიმადაა ჩაფიქრებული, ქალწული კი ეკლესიისა და ღმრთისმშობლის სიმბოლურ გამოსახულებად მოიაზრება. ამ სცენაში თითქოსდა წმ. გიორგის მისიაც ჩნდება  დაიცვას მიწიერი ეკლესია და ზეციურ კარამდე „მიიყვანოს“ ის.

მეორე სცენა არის  ყრმის  ტყვეობიდან გამოხსნის სასწაული.  გადმოცემის თანახმად, წმ. გიორგი იხსნის ლეონის ერთადერთ ვაჟს, რომელსაც ის   მამასთან სასწაულებრივად  აბრუნებს  ნადიმის მომენტში. ამ სცენაში ხშირად დიდი სუფრაა გამოსახული.  სცენა, რომელიც ქართულ სინამდვილეში წმ. გიორგის უმთავრეს „ფუნქციას“ ,ტყვეთა გამომხსნელობის მნიშვნელობას ათვალსაჩინოებს.  სწორედ ამ სცენათა განსაკუთრებული მნიშვნელობა ასახავს წმ. გიორგის მისიას საქართველოსთვის.

Leave a Reply