ახკერპი – მომავალი ბორჯომი, გზის გაკეთების შემდეგ

“როცა ამ სოფელში ჩამოვედი დაახლოებით 7 წლის წინ, პირველი რაც ვნახე იყო ის, რომ ეს ხალხი მოწყვეტილი იყო გარესამყაროს”, – აღნიშნა მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა ზაალ ნადირაძემ “ალიქ მედიასთან” ინტერვიუში. მან სოფლის გამოწვევებზე ისაუბრა და მოგვიყვა უკვე მოგვარებულ პრობლემებზე. 

მისი თქმით, სოფელს უკვე ავტობუსი დაუნიშნეს. შედეგად სოფლიდან კვირაში ოთხი დღე ავტობუსი მარნეულის მიმართულებით რეისს დადის. 

“სოფლიდან მარნეულში რომ ჩავიდეს ადამიანი, სულ მცირე 50 ლარის ბენზინი სჭირდება. თვეში ოთხჯერ უნდა წავიდეს ადამიანი, რომ გაყიდოს თავისი საქონელი (ძირითადად ყველი). ამიტომ ხალხს გადაადგილება ძალიან უჭირდა, ახლა კი თავისუფლად შეუძლიათ ჩავიდნენ მარნეულში და მაღალ ფასად გაყიდონ ხორციც, ყველიც და სხვა რაც იქნება”, – ამბობს ნადირაძე.

თუმცა, მარნეულის რაიონის სოფელ ახკერპში ყველა პრობლემა საბოლოოდ მთავარ გზას უკავშირდება. გასული წლის სექტემბერში, ზაალ ნადირაძემ გვითხრა, რომ შემდეგ წელს სოფლის შიდა აღმართებზე ბეტონის გზა გაკეთდება. 

“ბეტონმზიდი ტექნიკა  ამ ეტაპზე სოფელში ვერ ჩამოდის. ძვირად ღირებული ტექნიკაა და ამ გზებზე გაფუჭდება”, – აღნიშნა ნადირაძემ. მისივე თქმით, ახლა აკეთებენ სადახლოდან სოფლისკენ მიმავალი გზის ნაწილს, და ის მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ძველი ასფალტი, რომელსაც იღებენ გზის გაკეთებისას, სოფლისკენ მიმავალ გზის გაუვალ ნაწილებზე დაყარონ, რათა ბეტონის ტექნიკამ სოფელში ჩასვლა შეძლოს.

მთავარ გზას რაც შეეხება, ამჟამად აკეთებენ სადახლო-ახკერპის 20 კილომეტრიან გზის 6-კილომეტრიან მონაკვეთს. ნადირაძის ინფორმაციით, შემდეგი ეტაპი ხიდების რეალიბიტაცია იქნება, ხოლო შემდეგ სომხეთის საზღვრამდე (სოფელ ახკერპთან) გაკეთდდება გზა. 

“გზის გაკეთების შემდეგ ნახევარზე მეტი მარნეული აქ დაისვენებს. აქ სუფთა ჰაერია და ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთაა, ამასთან ახლოსაა რაიონთან. მაგალითად, ბორჯომში წასასვლელად თუ 2000 ლარია საჭირო, აქ 1000 ლარამდეც საკმარისია”, – ასეთი წარმოდგენა აქვს ნადირაძეს სოფლის განვითარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ახკერპის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელად ყოფნის დროს სოფელ ახკერპში, ჩანახჩში და ულიანოვკაში (სამი სოფელია ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში) ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის სოფელ ახკერპში სათამაშო, საფეხბურთო მოედანი მოეწყო, სასაფლოსთან საპირფარეშოები და ასევე დარბაზი – ჭურჭელით და ყველა საჭირო მოწყობილობით.

„სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ახკერპში ავტობუსის გაჩერებები და სკოლის კარებიც გაკეთდა. 

„შევიკრიბეთ, დავაყენეთ პრიორიტეტები. ვკითხეთ მოქალაქეებს, შეიძლება კიდევ არის სოფელში ისეთი პრობლემები, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობთ და რომლის თაობაზეც უნდა მოგვახსენოთ. ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. შევჯერდით სკოლის კარებზეც, მასწავლებლებმა მოითხოვეს რომ ხის კარები შეცვლილიყო“, – ამბობს ზაალ ნადირაძე.

სოფელში კიდევ ერთ პრობლემას წყალი წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტი მზადდება და, გამგებლის თქმით, მომავალ წელს უკვე შეიძლება განხორციელდეს პროექტი, რომლის ფარგლებში სოფლის რამდენიმე უბანში წყალსადენი მილები ახალი პლასტმასის მილებით შეიცვლება.

ახკერპის გამგებელი ზაალ ნადირაძე ასევე მოსახლეობის აქტიურობის მნიშვნელობაზე გვესაუბრა და ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“კარგია, როცა მოსახლეობა აქტიურია. ყოველთვის ვეუბნები, რომ მოდით, დავჯდეთ, ვისაუბროთ პრობლემებზე, რადგან ბევრი პრობლემა არის, რომელიც მე არ ვიცი. ერთად ვიპოვით გამოსავალს. ყოველთვის საჭიროა, რომ ადგილობრივებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია”, – ამბობს იგი.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე სოფელ ახკერპში საბავშო ბაღის აშენების თაობაზეც. ამასთან, სოფელ ჩანახჩში სკოლის აშენებაც იგეგმება, რომლის შესახებაც უკვე გამოცხადებულია ტენდერი.

აღსანიშნავია, რომ ახკერპის ადმინისტრაციული ერთეული სომხეთს ესაზღვრება, ამიტომაც მოსახლოებას მიმდებარე ტერიტორიაზე ძროხების საძოვრად წასაყვანად, ან ყანასა და ტყეში შესასვლელად სპეციალური ნებართვა – საშვი ესაჭიროება, რომელსაც საქართველოს სასაზღვრო პოლიცია გასცემს.