არწრუნ ჰოვჰანისისიანი – სამხედრო თემების გაშუქებაში, პროფესიონალიზმის ნაკლებობა შეინიშნება

2016 წლის აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ სამხედრო თემები სომხეთის მედიის დღის წესრიგში რჩება. სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსამსახურის უფროსის, არწრუნ ჰოვჰანისიანის შეფასებით, სამხედრო თემატიკაზე ახალი ამბების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია. თუმცა პრესსპიკერი დარწმუნებულია რომ ამ ამბების გაშუქებაში პროფესიონალიზმის ნაკლებობა შეინიშნება:

„ჟურნალისტები ძალიან ხშირად აქცენტს აკეთებენ მოვლენის გაშუქების ოპერატიულობასა და სისწრაფეზე. ისინი არ არიან დაინტერესებულნი თემის სიღრმისეული შესწავლით, რადგან პროფესიონალები არ არიან. ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ მიმართულებით და დავაინტერესოთ ჟურნალისტები რომ თემას ჩაუღრმავდნენ “ – ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა ჰოვჰანისიანმა.

აპრილის ოთხდღიანი ომის შემდეგ პრესსამსახურის საქმიანობაში ცვლილებების შესახებ საუბრისას არწრუნ ჰოვჰანისიანმა აღნიშნა, რომ საქმიანობის დინამიკა გაზრდილია:

„დღის განმავლობაში მობილურზე ვიღებ 150-ზე მეტ ზარს, მიუხედავად იმისა რომ პრესსამსახურს აქვს თავისი ცხელი ხაზი“.

დიასპორის მნიშვნელობასა და ამ სფეროში მისი ფუნქციის შესახებ საუბრისას ჰოვჰანისიანმა თქვა:

„ძალიან რთულია დიასპორისთვის რჩევებისა და მიმართულების მიცემა, ის ისედაც ძალიან ორგანიზებული ინსტიტუტია. ჩვენი ძმები და დები გვეხმარებიან სხვადასხვა სფეროში. სასურველი იქნებოდა, რომ უფრო ხშირად ჩამოვიდნენ სომხეთში, რათა უფრო კარგად შეაფასონ სიტუაცია“.

რაც შეეხება საინფორმაციო ომს, ჰოვჰანისიანის შეფასებით სომხეთს ამ მხრივ პრობლემა არ აქვს:

„საინფორმაციო ომის მზაობის შესახებ კითხვა არ არის სწორი, ჩვენ ისედაც ვართ საინფორმაციო ომის ვითარებაში. მოწინააღმდეგე არ გვაძლევს იმის ფუფუნებას, რომ დავსხდეთ და დაველოდოთ შემდეგ აქტივობას. ასეთი აქტივობები ხდება ყოველდღე. მაგალითად გუშინ, მოწინააღმდეგემ პროვოკაციული ნაბიჯები გადადგა და ჩვენ გვადანაშაულებს“.

Leave a Reply