აზერბაიჯანმა სომხეთის მოქალაქე დააკავა, რომელმაც საზღვარი შემთხვევით გადაკვეთა

სომხეთის ტავუშის რაიონის სოფელ ბერდავანიდან, კარენ ღაზარიანი ღამით სხლიდან გავიდა, გზა შეეშალა და შემთხვევით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნა. ამის შესახებ NEWS.am-ს ბერდავანის გამგებელმა სმბატ მუღდუსიანმა განუცხადა.

აზერბაიჯანული პრესა 15 ივლისს აცხადებს, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა სომხეთის მიერ დივერსიის მცდელობა აღკვეთეს და კარენ ღაზარიანი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დასაზვერად იმყოფებოდა დააკავეს.

“ღამით, კარენ ღაზარიანი სახლში იმყოფებოდა, როგორც მისი მშობლები აცხადებენ, დაახლოებით, 2:30 საათზე იგი წყლის დასალევად ეზოში ჩავიდა და მშობლებს ეგონათ, რომ ისევ სახლში მობრუნდა, თუმცა შესაძლებელია, რომ ზუსტად ამ დროს აღმოჩნდა აზერბაიჯანულ მხარეს. სოფელში სინათლე არ იყო, ქარიანი ამინდი იყო, დაიკარგა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა,”- განაცხადა გამგებელმა და დასძინა, რომ ღაზარიანის სახლი სოფლის ბოლოში მდებარეობს და საზღვართან ახლოსაა.

მუღდუსიანი ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებულ ფოტოებში კარენ ღაზარიანია, თუმცა ქუდი და ტანსაცმელი მას არ ეკუთვნის. მისივე განცხადებით, ღაზარიანი 2013 წლიდან რეგისტრირებულია სამედიცინო დაწესებულებაში და მკურნალობდა.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერი არწრუნ ჰოვჰანისიანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს 34 წლის კარენ ღაზარიანის სომხეთის ჯარში მსახურების ფაქტს. თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონოიანმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერევნის ოფისს მიმართა სომხეთის მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, აშოტ აჰარონიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და არის დეზინფორმაცია.

Leave a Reply