ფაშინიანი პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელ პირებს მიმართავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამოქალაქო მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” რიგით საჯარო შეკრებაზე განაცხდა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და სპეციალური საგამომძიებო სამსახურის უფროსების სატელეფონო საუბრის ფარულად ჩაწერა შეთქმულებაა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. მან დაავალა სამართალდამცავებს გაარკვიონ საქმის დეტალები და დამნაშავეები მკაცრად დასაჯონ.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთში ზოგიერთმა პარტიამ წლების წინ სპეციალური ჩამწერები შეიძინა და “ფარული ჩაწერებს” ახორციელებდნენ. მან აღნიშნა, რომ ყველა ამ მოწყობილობას აღმოაჩენენ და გაანადგურებენ.

ფაშინიანმა პოლიციისა და ეროვნული უსაფრთხოების უფროსებს მიმართა, რომ 2 საათის განმავლობაში ოლიგარქების, მაღალი თანამდებობის პირების უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება მოახდინონ.

სომხეთის პრემიერის განცხადებით, ის ყველა დაკავებაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას. მან სომხეთის მეორე პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანსა და მესამე პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს მიმართა და ხალხისთვის „მოპარული ფულის“ დაბრუნება მოსთხოვა.

„სერჟ სარგსიანი და რობერტ კოჩარიანი! თქვენ ხალხი გამოიწვიეთ. ვნახოთ ახლა, როგორი იქნება ხალხის პასუხი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

5 სექტემბერს ინტერნეტში სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის არტურ ვანეციანისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის სასუნ ხაჩატრიანის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, თუმცა აღნიშნული ჩანაწერი განხილვის თემა 11 სექტემბერს გახდა. საუბრის მონაწილეები სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივან იური ხაჩატუროვთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. ჩანაწერში ვანეციანი თანამოსაუბრეს ქოჩარიანის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ ეუბნება.

ამასთან, ისინი ხაჩატუროვის დაკავების საკითხსაც განიხილავენ, რა დროსაც ვანეციანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსკოვთან ურთიერთობები არ დაიძაბოს. თავის მხრივ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ხაჩატუროვის დასაკავებლად ყველა საფუძველი არსებობს.