ინტერნეტში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორისა და სპეციალური საგომომძიებო სამსახურის უფროსის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გავრცელდა

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ართურ ვანეციანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი და სპეციალური საგომომძიებო სამსახურის უფროსის სასუნ ხაჩატრიანის სატელეფონო საუბარი, სადაც ისინი 2008 წლის 1-ლი მარტის მოვლენების საკითხებს განიხილავენ. ვანეციანი ადასტურებს, რომ სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა. ჩანაწერი იუთუბზე 5 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა გამოხმაურება 11 სექტემბერს მოჰყვა.

ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი აღნიშნავს, რომ სატელეფონო საუბარი 2008 წლის 1-ლი მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის მესამე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის დაკავების თემას ეხებოდა და მხოლოდ იურიდიული შინაარსი აქვს. ჩანაწერში ვანეციანი თანამოსაუბრეს ქოჩარიანის დაპატიმრების აუცილებლობის შესახებ ეუბნება.

ამას გარდა, ისინი ხაჩატუროვის დაკავების საკითხს განიხილავენ, რა დროსაც ვანეციანი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსკოვთან ურთიერთობები არ დაიძაბოს. თავის მხრივ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ხაჩატუროვის დასაკავებლად ყველა საფუძველი არსებობს.

გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქმეების ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დეტალების გარკვევა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ქოჩარიანს, ასევე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იური ხაჩატუროვსა და სომხეთის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიკაელ არუთუნიანს 2008 წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო წყობის დამხობაში ბრალი უკვე წაუყენეს.

2008 წელს სომხეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა.