სომხური როკ-ჯგუფი “ნემრა” საქართველოში ჩამოდის

30 ნოემბერს, საკონცერტო პროგრამით  თბილისში სომხური როკ-ჯგუფი „ნემრა“ ჩამოდის. ჯგუფი, რომელიც 2012 წლიდან მოღვაწეობს, ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება.

კონცერტები იგეგმება „ჰარდ როკ“ კაფეში „პამ“ კლუბში და  „ფაბრიკას“ „დაივ“ ბარში.

თბილისში დაგეგმილი კონცერტის, ჯგუფის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ალიქ მედია ბენდის დამფუძნებელს ვანს და მის წევრებს ესაუბრა.

„ნემრას“ სოლო-გიტარისტმა ვანმა მუსიკალური სკოლა ვიოლინოს მიმართულებით დაამთავრა. ამის შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლობდა  ეკონომიკის ფაკულტეტზე. პირველი სიმღერა მან მე-2 კურსზე  დაწერა და გადაწყვიტა ჯგუფი შეექმნა.

„როდესაც მივხვდი, რომ სიმღერების დაწერა კარგად გამომდის, ჩემს ძმას და რამდენიმე უბნელ ბიჭთან  ერთად გადავწყვიტე ბენდი შემექმნა. ამ პერიოდში შემოგვიერთდა მარიანნაც. სომხეთში უკვე გვყავს ძალიან თბილი და მზარდი აუდიტორია, რაც ძალიან გვახარებს“.

ვანი არის „ნემრას“ სიმღერების უმრავლესობის ავტორი. მისი თქმით, სიმღერები იბადებიან ღამით და მისგან დამოუკიდებლად.

„ჩემთვის შთაგონების წყარო არის ცხოვრება. არასდროს გეცოდინება როდის დაიბადება სიმღერა. მთავარია, რომ სიმღერა მსმენელის გულს შეეხოს. ადრე ჩემთვის სასაცილოც იყო, როდესაც ამბობდნენ რომ ვითომ შთაგონება ზეადამიანურია და არასდროს გეცოდინება რა მიზეზით მოდის. ეხლა უკვე ვაღიარებ, რომ მართლა ეგრეა“.

ვანის აზრით ჯგუფის სიმღერების წარმატების საიდუმლო გულწრფელობაშია. ბენდის ბას-გიტარისტი ვასპური ამატებს, რომ არც ერთი სიმღერა არ არის დაწერილი ალბომის შევსების ან მსმენელისთვის თავის მოწონების მიზნით.

„ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას რასაც მოგვწონს. ძალიან გვიხარია, რომ სხვებიც აფასებენ ჩვენს შემოქმედებას“.

ვასპურსაც აქვს მუსიკალური განათლება მიღებული ვიოლინოს განხრით. დღეს ის ღიმილით იხსენებს მის პირველ შეხვედრას ბას გიტარასთან.

რადიოფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც მივედით პირველ რეპეტიციაზე, იქ პირველად ვნახე ბას-გიტარა და უცებ დავიწყე გიტარაზე დაკვრა. არც ვუსმენდი რას ვუკრავ“.

ვასპური აღიარებს შეზღუდული რესურსების გამო ჯგუფის პოპულარობის გაზრდის ტემპი სასურველზე ნელია.

„ჩვენ არ გვყავს სპონსორი, ან პროდუსერი. ჩვენი კლიპები, სტუდიური ჩანაწერები, ალბომები ყველაფერი გაკეთებულია ჩვენ მიერ და ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი მარიანნა კარაკეიანი სინთეაზტორზე უკრავს. ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის კლასიკური პიანინოს განყოფილების დამთავრების შემდეგ  მან ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება აისრულა და როკ-ჯგუფში დაიწყო დაკვრა. მარიანნას აზრით,  ჯგუფში მუშაობა ძალიან რთულია და მიიჩნევს, რომ „ნემრას“ ხანგრძლივი არსებობა საკმაოდ დიდი მიღწევაა.

მე დიდ სიამოვნებას ვიღებ როდესაც საერთო ძალებით რაღაც წარმატებას ვაღწევთ. რა თქმა უნდა, ძალიან ხშირად ვკამათობთ სხვადასხვა თემაზე. თუმცა ჯგუფის ყველა წევრი კონსტრუქციულად არის განწყობილი და როდესაც ორი წევრი ჩხუბობს მესამე აუცილებლად მოდერატორის ფუნქციას ასრულებს და პრობლემა მალე იჭრება“.

ჯგუფის სახელწოდებაც მარიანნას იდეა იყო, სიტყვა „არმენ“-ის უკუღმა წაკითხვით. ის ასევე არის რამდენიმე სიმღერას ავტორი და ამბობს, რომ რეპეტიციის პროცესში წყდება თუ რა სიმღერა  რა ფორმით მივა მსმენელამდე.

„ სიმღერის დაწერის შემდეგ სიმღერას გრძელი გზა აქვს სანამ მიაღწევს მსმენელამდე. რეპეტიციების დროს ბევრნაირ ვერსიას ვამუშავებთ. მხოლოდ ჰარმონიის მიღწევის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას  წარვადგინოთ პუბლიკას“.

ჯგუფის ყველა წევრი დიდი ენთუზიაზმით საუბრობს საქართველოში დაგეგმილ კონცერტზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ  მაყურებლის ნაკლებობა არ იქნება, რადგან„საქართველოში როკი უფრო პოპულარულია“.

Leave a Reply