სომხეთი ნატოს “Agile Spirit-2018” მიმდინარე წვრთნებში არ მონაწილეობს

სომხეთი, როგორც შარშან, ასევე წელს, მონაწილეობას არ იღებს ნატოს “Agile Spirit-2018” წვრთნებში. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არწრუნ ჰონჰანნისიანმა განაცხადა და დასძინა, რომ მას დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლია.

საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება 1-ლი სექტემბრიდან – 11 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიმდინარეობს. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. საერთაშორისო წვრთნებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი ხელმძღვანელობს.

სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. 2017 წელთან შედარებით, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყანა იყო წარმოდგენილი, წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა იღებს მონაწილეობას (237 სამხედრო მოსამსახურე), ესენია: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, უკრაინა, თურქეთი, ჩეხეთი, ესტონეთი.

საყურადღებოა ის, რომ სომხეთი კვლავ მონაწილეობას არ იღებს წვრნეთებში, ხოლო წელს, “Noble Partner 2018” მიიღო მონაწილეობა, რომელიც მსგავსი ფორმატის არის და 1-15 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში ჩატარდა. არწრუნ ჰოვანნისიანმა ფეისბუქის გვერდზე განაცხადა, რომ ეს წვრთნები არ არის ორგანიზებული ნატო-ს მიერ, აქ მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან ნატოს თანამშრომელი ქვეყნები ან ქვედანაყოფები. გასულ წელსაც სომხეთი მონაწილეობდა “ღირსეული პარტნიორის” წვრთნებში.

გამოდის, რომ სიტყა “ნატო” აშინებს სომხეთს?

გასულ წელს, როდესაც სომხეთმა უარი თქვა ამ წვრნეთებში მონაწილეობაზე, როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში ექსპერტებმა შეაფასეს, როგორც რუსეთის ზეწოლის შედეგად გადადგმული ნაბიჯი.

რუსულმა მედია კი წერდა, რომ თუ სომხეთი CSTO-ს წევრი და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის მთავარი პარტნიორია, ის არ უნდა მონაწილეობდეს საქართველოში ნატოს წვრთნებში.

არსენალის სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი წინა წელს ამბობდა, რომ მოსკოვს არ მოსწონდა ის ფაქტი, რომ სომხეთი მონაწილეობდა ნატო-ს  “Agile Spirit-2017”-ის სწავლებაში, ახლა კი ვერ ხედავს დიდ პრობლემას, სომხეთის მონაწილეობის არ მიღებაში.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ წელს სომხეთი მონაწილეობდა “ღირსეული პარტნიორი 2018″-ის წვრთნებში. ეს უკვე დიდი წინსვლაა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი მონაწილე ჰყავდა სომხეთს, მნიშვნელოვანა ამ მრავალეროვნულ წვრთნებში მონაწილეობის მიღება”, – “ალიქ მედიასთან” საუბარში აღნიშნა ექსპერტმა. მან ასევე დასძინა, რომ “ალბათ, სომხური მხარე კმაყოფილია საქართველოში მხოლოდ ერთ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობით”.