სომხეთში ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტის კვირეული დაიწყო

11 და 12 ოქტომბერს, ერევანში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტი. სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 7 ოქტომბერს, ერევანში უკვე დაიწყო.

კვირას, ერევანში ფრანკოფონიის მუდმივმოქმედი საბჭოს 105-ე სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ სრულუფლებიანი, ასოცირებული და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ორგანიზაციებისა და მთავრობების ასამდე მაღალი დონის დელეგაციები და ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პარტნიორი ორგანიზაციები.

ერევნის თავისუფლების მოედანზე კი “ფრანკოფონიის ქალაქი” გაიხსნა, რომელიც 12 ოქტომბერს, 20.00 საათამდე იმოქმედებს.

ფრანკოფონია, (ფრანგ. La Francophonie) მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია, აერთიანებს 56 ქვეყანას, რომლებიც წარმოადგენენ მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებს ან სახელმწიფოს გარკვეულ ნაწილებს, ასევე 26 დამკვირვებელს. ორგანიზაციაში შესვლის მთავარ კრიტერიუმად ითვლება არა მხოლოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს მოსახლეობის ფრანგული ენის ფლობის დონე (თუმცა ეს მისასალმებელი ფაქტორია), არამედ, კულტურული კავშირები საფრანგეთთან, რომელიც ჩამოყალიბდა რამდენიმე ათეული წლების, ასევე საუკუნეების განმავლობაში. მაგალითად, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლები არიან. ფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. ორგანიზაციის დევიზია «თანასწორობა, ურთიერთშევსება, სოლიდარობა» (ფრანგ. «égalité, complémentarité, solidarité»).

ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობების სამიტი იმართება 1986 წლიდან, თითქმის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ფრანკოფონიის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით.

2004 წლის უაგადუგუის (ბურკინა-ფასოს დედაქალაქი) სამიტზე სომხეთმა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსი მოიპოვა, ხოლო 2012 წლის 13-14 ოქტომბერს კინშასაში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) ჩატარებული ფრანკოფონიის სამიტზე სომხეთი ერთხმად აღიარეს ფრანკოფონიის 54-ე სრულუფლებიან წევრ ქვეყნად.
2016 წლის 27 ნოემბერს კი ფრანკოფონიის ქვეყნების მთავრობებმა მადაგასკარის ანტანანარივუს სამიტის ფარგლებში სომხეთი დაინიშნეს, როგორც 2018 წლის ფრანკოფონიის სამიტის მასპინძელი ქვეყანა.

ფრანკოფონიის სამიტზე წარმოდგენილი იქნება 83 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები, ასევე ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ათზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლი. სამიტზე პირველად მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ხელმძღვანელობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

ერევანში მე -17 ფრანკოფონიის სამიტის ლოგოდ ბროწეული შეარჩიეს, როგორც ფრანკოფონიის სიმშვიდის და კეთილდღეობის ნიშანი მთელს რეგიონში.

ფრანკოფონიის ორ თვიანი ღონისძიების ფარგლებში, მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, როგორც ერევანში, ასევე სხვა ქალაქებში.