ერევანში ქართულ-სომხური მეგობრობის ზეიმი გაიმართა

23 მარტს, ერევნის ავანის რაიონის  52-ე საბავშვო ბაღში ქართულ – სომხური მეგობრობის ზეიმი გაიმართა. საბავშვო ბაღის უფროსი „გ“ ჯგუფის აღსაზრდელებმა ზეიმი ქართველ და სომეხ დედებს მიუძღვნეს. ერევნის მერიის საგარეო კავშირების დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისა და მეგობრობის  პროგრამას ანხორციელებს.  სკოლამდელი დაწესებულებები თავად ირჩევენ დასამეგობრებლად სასურველ ქვეყანას.  52-ე საბავშვო ბაღმა საქართველო აირჩია და უკვე მესამედ წარმოადგინა ქართული კულტურა.

ბაღის აღსაზრდელებმა  ყველასთვის საყვარელი დედების დღე მეგობრობის დღესასწაულად გადააქციეს. „დედა -სითბოს წყარო, მზე, გაზაფხული და სიცოცხლე“-  დარბაზის კედელზე გაკრული დევიზი, რაც ასევე ბავშვების ლექსებსა თუ სიმღერებს  გასდევდა მსუბუქ მოტივად.

გაზაფხულის ამ ლამაზი ზეიმის სცენარი საბავშვო ბაღის დირექტორმა ვარდუჰი ჰოვეიანმა, უფროსი ჯგუფის აღმზრდელმა ლუსინე დოდოიანმა და პედაგოგმა მარინე ქურქჯიანმა დაწერეს. მუსიკალურად ზეიმი მუსიკის მასწავლებელმა კიმა გევორგიანმა გააფორმა. ქართული ცეკვების დადგმაში, ქართული ლექსების შერჩევასა და სწორად წარმოთქმაში, ლომის წილი ქართული სათვისტომო  „ივერიის“ საკვირაო სკოლის დირექტორს, ლიანა სამადალაშვილს მიუძღვის.

ღონისძიება საბავშვო ბაღის დირექტორმა გახსნა. მან ყველას მიულოცა დედების დღე და დამსწრე გოგონებს დედობის გამოცდის, ამ უდიდესი მადლის, განცდა უსურვა.

სცენაზე რიგრიგობით გამოვიდნენ მტრისკენ მიმართული ხანჯლით თავისი ქვეყნის კეთილდღეობის მოდარაჯე სომხეთის დედა და ქართლის დედა, ხმლითა და სავსე თასით, რომელსაც მტრისთვის თუ ხმალი აქვს გამზადებული, მოკეთესა და მოყვარეს ღვინით სავსე თასს სთავაზობს.  ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილმა პატარებმა ქართველი და სომეხი დედების დიალოგი განასახიერეს, ქართულ-სომხური ლექსები დედას, ცხოვრების საწყისსა და მტკიცე ბურჯს მიუძღვნეს.

„სანამ დედა ცოცხალია, მოეფერეთ დედებს,“-გულწრფელად იმეორებდნენ შარლოტა კვანტალიანის ლექსის სტრიქონებს  პატარები.

ზეიმზე, ბავშვებმა ლექსებთან ერთად შეასრულეს ავთანდილ გელოვანის „ლეგენდა თბილისზე და ლაღიძის უკვდავი „თბილისო“.

ქართულ ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილმა აღსაზრდელებმა მონდომებით შეასრულეს ქალთა ცეკვა, ყაზბეგური, ცეკვა ქართული.

მეგობრობის, დედებისა და გაზაფხულის ზეიმს ესწრებოდნენ სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მეუღლე ეკატერინე , საელჩოს უფროსი მრჩეველი ნინო აფციაური, ავანის ადმინისტრაციული რაიონის გამგეობის წარმომადგენელი ბატონი ლ. ბარსეღიანი, ერევნის მერიის  საგარეო კავშირების დეპარტამენტის სპეციალისტი ლუსინე ღარიბიანი, სომხეთში ქართული სათვისტომო „ივერიას“ წარმოამდგენლები, ავანის საბავშვო ბაღების გამგეობის წევრები.

ზეიმის დასასრულს საბავშვო ბაღის დირექტორმა მადლობა გადაუხადა პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს, აღსაზრდელებსა და მოწვეულ სტუმრებს. მან ელჩის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

ეკატერინე ბაქრაძემ აღაფრთოვანება გამოხატა მაღალი დონის ღონისძიებისა და პატარების მშვენიერი შესრულების გამო და მაღალი შეფასება მისცა ღონისძიების როლს. მან აღნიშნა, რომ მომავალი თაობების მეგობრობას სწორედ ბაღის ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი და ეს ზეიმი სომხურ-ქართული მეგობრობის საწინდარია.

ნინო აფციაურმა ყურადღება გაამახვილა  ქართველი და სომეხი დედების განსაკუთრებულ სითბოზე, ამაგსა და მზრუნველობაზე და ყველა ქალს არა მხოლოდ ქალთა და დედების დღეს, არემედ წელიწადის ყველა დღეს, მამაკაცების მხრიდან დაფასება უსურვა. მან საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ქართული ანბანის შემსწავლელი ვიდეორგოლი, ქართული ანბანი და წიგნები „ რატომ უნდა ვისწავლოთ ქართული ენა“ გადასცა.

ავანის ადმინისტრაციული რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა 52-ე საბავშვო ბაღის კოლექტივისა და დირექციის  ნაყოფიერ მუშაობას, მიესალმა საქართველოს საელჩოს მონაწილეობას მეგობრობის ღონისძიებაში და ქართველი დიპლომატი ქალის ეტალონად საელჩოს მრჩეველი ნინო აფციაური დაასახელა.

სათვისტომო „ივერიას“ წარმომადგენელმა საბავშვო ბაღს საჩუქრად  ქართული დროშა და სათვისტომოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ბუკლეტი უსახსოვრა. მან ბაღის აღსაზრდელები სათვისტომოს საკვირაო სკოლაში მიიწვია ქართული ენის, სიმღერებისა და ცეკვების შესასწავლად.

ღონისძიების დასასრულს სამომავლო გეგმები დაისახა, რაც საქართველოს საელჩოს თანადგომით 52-ე საბავშვო ბაღის საქართველოს რომელიმე საბავშვო ბაღთან დამეგობრებასაც ითვალისწინებს.

ნინო სპანდერაშვილი

Leave a Reply